ჩოხა — მამაკაცის ძირითადი სამოსი ქართულ წყაროებში გვხვდება IX საუკუნიდან. სიტყვა ჩოხის ფონეტიკურად სხვადასხვა ფორმა დასტურდება კავკასიის,
აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ცალკეულ ენებში. ჩოხას უწოდებენ როგორც მამაკაცის, ისე ქალის სხვადასხვა მოსაცმელ სამოსელს, ხშირად — საჩოხე შალის ქსოვილსაც.
მეგრულად ჩოხას ერქვა ღართი, ამავე სახელით ქსოვილსაც იხსენიებდნენ. ჩოხა კაბების სახის სამოსელს განეკუთვნება. მათი საერთო ნიშანია მკვეთრად გამოყვანილი წელი, განიერი ბოლო,
მრავალკალთიანობა, ჩახსნილი წინა მხარე და ნაოჭიანი კალთა. არსებობს ე. წ. სამამაკაცო და სადიაცო ჩოხები.